„მენაშენეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი თბილისის მერისადმი რეკომენდაციების პაკეტში ერთ-ერთ პრიორიტეტად ტროტუარების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ასახელებს და მიიჩნევს, რომ თბილისის ტროტუარები დედაქალაქის ეკონომიკის ხერხემალია. ამის შესახებ კომპანია “არსის” განცხადებაში წერია, რომელსაც IPN-ი ავრცელებს.
ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია დედაქალაქში ტროტუარებისა და გზებზე გადასასვლელების კომპლექსური რეკონსტრუქცია.
მისი აზრით, „ტროტუარები ბევრად კომფორტული უნდა გახდეს და თავისუფლად გადაადგილების გარდა, დასასვენებელი მიკროზონებიც უნდა გაკეთდეს. ფართო, უწყვეტი და კომფორტული ტროტუარები პრიორიტეტი უნდა იყოს – ტროტუარი აჩენს ეკონომიკას“.
მისივე თქმით, „მეტი მოქალაქე ქუჩაში“ ნიშნავს მეტი ფულის ხარჯვას. სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ფულის ბრუნვის გაზრდა თბილისის მეორე ცვლის ეკონომიკის („ღამის ეკონომიკის“) განვითარების წინაპირობაა“.
„მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ გამგებლებს დაავალა, უბნებში ისეთი ლოკაციების იდენტიფიცირება მოახდინონ, სადაც ქვეითთა დამატებითი გადასასვლელების მოსაწყობად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება და საგზაო ნიშნები განთავსდება. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში უკვე გამოვლენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს და გადასასვლელები დაიხაზოს.
„მენაშენეთა ასოციაციამ“ გამოაქვეყნა ავტოსაცობებით გადატვირთული თბილისის ქუჩების განმუხტვის კომპლექსური გეგმა, რომლის თანახმადაც, ქვეითს უპირობო პრიორიტეტი ენიჭება დედაქალაქის ნებისმიერ ქუჩაზე. მენაშენეებმა თავიანთი პროგრამის პუნქტები თბილისის მერის კახა კალაძის პროგრამის „შენი იდეა მერს“ ფარგლებში წარმოადგინეს.
„მენაშენეთა ასოციაციის“ წევრების აზრით, გზებისა და ესტაკადების მშენებლობა ვერ გადაჭრის პრობლემას და მოსაფიქრებელია სხვა გზები, რითაც პრობლემა დარეგულირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი როსტომაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ასევე რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ფენისთვის კომფორტული გახდეს.