2 აპრილს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა საათობრივი ანაზღაურების გაზრდა მოითხოვეს და აქცია გამართეს. 18 აპრილს, მეტროს მემანქანეებმა დააანონსეს, რომ დღეს, 23 აპრილს მათი წინასაგაფიცვო პერიოდი ამოიწურებოდა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.
მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით ჯანდაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. მემანქანეები მოლაპარაკებაში თბილისის მერიის ჩართვასაც ითხოვენ, რომელიც “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მფლობელია.
ამ დღეებში, სამხრივი ფორმატით, ერთმანეთს შეხვდებიან მერიის, კომპანიის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ამის შემდეგ გადაწყდება, დაკმაყოფილდება თუ არა მეტროს მემანქანეების მოთხოვნა.
მათი მთავარი მოთხოვნაა ანაზღაურება გადაიხედოს 45%-ის ოდენობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტროს მემანქანეების ნაწილი გაფიცვას აპირებს.
დღეისთვის მემანქანეთა საშუალო თვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 1150 ლარია. 16 აპრილს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა არ იგეგმება.
“„მემანქანეებისთვის ხელფასების გაზრდა არ იგეგმება, რადგან მათ საკმარისი ხელფასი აქვთ – დაახლოებით, 1200, 1300, 1400, 1500 ლარი, გააჩნია მემანქანეს. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ გვაქვს მთელი რიგი მიმართულებები, სადაც ხელფასების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია, თუნდაც ბაღების მიმართულებით”, – დასძინა თბილისის მერმა.