ვაზისუბნის და ლილოს დასახლებაში სპორტული ცენტრები აშენდა. თბილისის მერიის ცნობით, ვაზისუბნის სარაგბო კომპლექსი 12 306 კვადრატულ მეტრს იკავებს და მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს, 500-ადგილიან ტრიბუნას, ადმინისტრაციულ შენობასა და საშხაპეებს. ცენტრი 700 ადამიანს მოემსახურება.
ტანვარჯიშის დარბაზის მშენებლობა დასრულებულია ლილოს დასახლებაშიც. დარბაზი 500 კვადრატულ მეტრს მოიცავს და 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. სპორტულ ცენტრში მხატვრული ტანვარჯიშის, აკრობატიკისა და ბატუტის სპორტული სექციები ამოქმედდება. დასახლებაში, ასევე, მოეწყო ფიტნეს დარბაზი.
თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქში ასევე მიმდინარეობს ნაძალადევის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც. წელსვე დაიწყება კიდევ ერთი სპორტული დარბაზის და ორი მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა.