მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა

893

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 14 სოფელს მიენიჭა. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონით განსაზღვრული შეღავათებით ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულის, ბორჯომის, მარნეულის, ქარელის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახლეობა ისარგებლებენ.

როგორც პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების შემსუბუქება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის მიღება. „მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 14 სოფელი დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძალიან ბევრი მრავალშვილიანი დედა, ექიმი, პენსიონერი, ასევე საწარმოები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დამატებით შეღავათებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ათი ათასობით ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ შეღავათებით, რაც უმნიშვნელოვანესია, არა მხოლოდ ადგილზე მოსახლეობის დამაგრებისთვის, არამედ მთაში ხალხის დაბრუნებისთვის. ეს არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების ამოცანაც გახლავთ. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. კანონით გათვალისწინებული შეღავათების გარდა, 10 მილიონი ლარი გამოიყო მთიანი რეგიონებისთვის ტრადიციული კულტურებისა და ეკონომიკური მიმართულებების განვითარებისთვის და ეს ყველაფერი, საერთო ჯამში, ვფიქრობთ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის 27 მარტის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მაღალმთიან რეგიონებს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს.