„მწვანე ალტერნატივაში” აცხადებენ რომ “მესტიაჭალა ჰესის” გარემოზე ზემოქმედების ანგარიში დაკოპირებულია და რეალურად არ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ჰესის აშენებას მოჰყვეს. ამის შესახებ imedinews.ge წერს.
“ეს დოკუმენტი წარმოადგენს ფაქტობრივად დაკოპირებულ ვერსიას სხვა ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებიდან, რომელიც არ მოიცავს რეალურად საფრთხეების შეფასებას, ის არ მოიცავს არც ეკონომიკურ დასაბუთებას, მასში მრავლად არის დაკოპირებული თავები, პარაგრაფები და მთლიანი ქვეთავები”, – აცხადებს დავით ჭიპაშვილი.
ადგილობრივების თქმით, ჰესის აშენება ღვარცოფულ პროცესებს გაააქტიურებს. ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საფრთხეები არ არსებობს და ეს იქნება მცირე, ე.წ. მწვანე ჰესი. კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ მოსახლეობასთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება.
„მესტიაჭალა ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვა საჯარო ბიბლიოთეკაში „სასვანეთო ლალხორის“ და „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.
შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ექსპერტები, ინვესტორი კომპანიის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა 4 და 5 მარტს მესტიაში საპროტესტო აქცია გამართეს და სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს.