ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

1223

ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

საქართველოს ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ვალდებულებებთან დაკავშირებით, წინადადებები საქართველოს პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს. ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი იდეები ასევე გააცნეს ახალგაზრდული კონკურსის – „შენი იდეა ღია პარლამენტისთვის“ გამარჯვებულებმაც.

ინიციატივები საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ხელშეწყობას და მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენების გაზრდას ითვალისწინებს.

გასვლით შეხვედრაზე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშიც განიხილეს და ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიური სამიტის შესახებაც ისაუბრეს. როგორც ცნობილია, სამიტი საქართველოში მიმდინარე წლის ივლისში გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიშიც.

„გაიმართა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ორდღიანი სხდომა, სადაც ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმისთვის იდეები წარმოვადგინეთ, რომლებიც როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე, საჯარო კონსულტაციების შედეგად და პარლამენტის მიერ არის შემუშავებული. იდეები ერთობლივად განვიხილეთ, შევჯერდით და ამ იდეების დამუშავების შედეგად, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ სამოქმედო გეგმას 2018-2019 წლებისთვის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

ირინა ფრუიძის თქმით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შვიდი საჯარო კონსულტაცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა საპარლამენტო ღიაობის შესახებ საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს. პარლამენტის წევრის განცხადებით, ახალგაზრდულ კონკურსში გამარჯვებულთა იდეები ახალ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება.

„ავარჩიეთ სამი საუკეთესო იდეის ავტორი და ეს ახალგაზრდები, რომელთაგან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა, საბჭოს სხდომას ორი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ. მათ თავადვე წარმოადგინეს საკუთარი, ძალიან საინტერესო იდეები და ეს იდეები ახალ სამოქმედო გგემაში გათვალისწინებული იქნება. ასევე, სამივე ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ღია მმართველობის გლობალურ სამიტზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოვისმინეთ იუსტიციის სამინისტროს ანგარიში მთავრობის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან და გლობალური სამიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ირინა ფრუიძემ.

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭოს ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით გაიმართა.