დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
2004-2009 წლებში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა, მთელი საქართველოს მასშტაბით კი საკუთრების მფლობელი უკვე 500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, აჭარიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდნენ.
ჰერეთისკარში მცხოვრებმა აჭარელმა ეკომიგრანტებმა თავად დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სოფლის განვითარების ხელშესაწყობად პროექტებს ახორციელებს.
მხოლოდ 2017 წელს, სოფელ ჰერეთისკარში სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადად სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად და განსავითარებლად, მცირე გრანტები 40 ოჯახზე გაიცა.