სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი პროექტი „ახალგაზრდა მეწარმე“ წარადგინა

830

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პროექტი “ახალგაზრდა მეწარმე” წარადგინეს.

პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის დაფინანსებით შემუშავდა. პროექტის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს. პროექტში მონაწილეობის მიღება 18-35 წლამდე კაცებს და 18-40 წლამდე ქალებს შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში, პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს პროექტის ღირებულების 40%-ს დაუფინანსებს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა.

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მეწარმეობის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამა წარმატებით იმუშავებს. პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზე, რომლებიც უკვე ხორციელდება, მაგალითად “აწარმოე საქართველოში” და აღნიშნა, რომ ყველა პირობა შეიქმნება, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ენერგია გამოყენებული იყოს.

“ახალი სახელმწიფო პროგრამა – „ახალგაზრდა მეწარმე“ არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და სოფლად დამწყებ მეწარმეობას წაახალისებს”, – განაცხადა პრემიერმა.

პროგრამის ბიუჯეტი ჯამში 4 მილიონ 110 ათასი დოლარია.