“ნაციონალური მოძრაობა“ გორის მერიიდან საჯარო ინფორმაციის მიღებას სასამართლოს გზით შეეცდება. როგორც გორის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ვასილისა ჯაბახიძე ამბობს, პარტიამ მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის სახელზე განცხადება კანცელარიაში 19 მარტს შეიტანა, თუმცა როგორც თავად ამბობს, პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადებში არ მიუღია. პარტია მერიისგან იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, რომლებიც ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემდეგ სამსახურებიდან გაათავისუფლეს და კომპენსაციები გასცეს. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
“ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანების შედეგად, იმ ადამიანებზე, რომლებიც სამსახურის გარეშე რჩებოდნენ, კომპენსაცია გაიცა, თუმცა, გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ნაწილი ისევ დაასაქმეს მერიაში და საკომპენსაციო თანხები არამიზნობრივად გასცეს. ვინაიდან ბატონი კოტე არღვევს ყველანაირ ვადას და საჯარო ინფორმაციას გვიმალავს, მეტიც, განცხადებაზეც კი არ გვპასუხობს, იძულებული ვართ, სასამართლოს მივმართოთ და სასამართლოს ძალით ვაიძულოთ ბატონი კოტე, საჯარო ინფორმაცია მოგვცეს. იურისტებს უკვე ვესაუბრე და სარჩელს სასამართლოში ორ დღეში შევიტანთ“, – აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.
გორის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისგმებელი პირი თეა ფხალაძე ამბობს, რომ მერიაში შესულ წერილზე პასუხი კანონით განსაზღვრულ ვადებში აუცილებლად გაიცემოდა. მან დეპუტატის საპასუხოდ გაგზავნილი წერილის ასლიც წარადგინა.
“პასუხი 20 მარტს გავუგზავნეთ ნაციონალური მოძრაობის ოფისის მისამართზე, მაგრამ წერილი უკან დაგვიბრუნდა. ამიტომ მეორედ გავუგზავნეთ 27 მარტს. ამჯერად, საკრებულოს მისამართზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ადრესატს არ ჩაბარებია. ეს გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ დეპუტატმა არ გვაცნობა, თუ რა მისამართზე უნდა გაგვეგზავნა მისთვის პასუხი”, – თქვა სოფო ნოზაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წერილი
მერიიდან ნაციონალებისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი