თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მერის ინიციატივას მიესალმებიან.
„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.
8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.