კალაძე ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური მატჩის იდეით გამოდის

712

თბილისის მერი კახა კალაძე დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

ამ თხოვნით კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს მიმართა. კალაძის თქმით, თბილისი ტოლერანტული ქალაქია და მსგავსი შემთხვევები დაუშვებელია.

“ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევი ასეთ მიდგომები. მინდა, ვთხოვო ლევან კობიაშვილს, კვირის ბოლოს გააკეთოს თუ არის შესაძლებლობა ერთი ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის. ვისაც სურვილი გვაქვს, ჩავერთოთ ამ თამაშში. ძალიან კარგი იქნება, რომ ის ცუდი ლაქა დავიწყებას მიეცეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.