ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსი გაიმართება

1023

კონკურსი კალიგრაფიაში ქუთაისში (ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით 11 აპრილს, პირველ საჯარო სკოლაში 4 საათზე ჩატარდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, საქალაქო კონკურსი ქართული ენის დღეს ეძღვნება, სადაც მონაწილეობას ქუთაისის IX-XII კლასის მოსწავლეები, ასევე პედაგოგები მიიღებენ.

“მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან საკონკურსო დავალებებს, რაც ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერას და მოცემული ტექსტის ასლის გაკეთებას გულისხმობს, კონკურსში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები, რომლებიც ფულად ჯილდოს მიღებენ საკონკურსო ფონდიდან,”  – ამბობს ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილე ლადო პატარიძე.

პატარიძის ინფორმაციით, ფულადი ჯილდო 500 ლარი იქნება. ამ  პრიზის მიღებას კი, 150-მდე მოსწავლე და 30-მდე პედაგოგი ეცდება.

კონკურსის შედეგად I, II და III ადგილზე გასული კონკურსანტები გამოვლინდებიან (მასწავლებლები და მოსწავლეები ცალ-ცალკე), რომელთაც სერთიფიკატები და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დედა ენის ძეგლის წინ მოხდება.

ღონისძიებაზე კონკურსში მონაწილეთა მიერ შექმნილი საუკეთესო კალიგრაფიული ნაშრომები გამოიფინება.