ბათუმის მერიამ პროექტ საუბნო კავშირების განხორციელება დაიწყო

770

ბათუმის მერიამ ახალი საპილოტე პროგრამის, საუბნო კავშირების განხორციელება დაიწყო, რომელსაც მერია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,განვითარების აკადემიასთან“ ერთად განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით, დაგეგმილია 20 საინფორმაციო სამუშაო შეხვედრა.

პროექტის მიზანია:

• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე არსებული პრობლემების ეფექტურად მოგვარება და მერის წარმომადგენლების ინსტიტუტის გაძლიერება;
• მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისუზრუნველყოფა მოსახლეობის ინტერესზე მორგებით;
• საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება;
• მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
• მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში;
• პრობლემის მოგვარების გზების დასახვა უშუალოდ ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების აქტიური ჩართულობით;
• დასახლებაში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
• ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემების უკეთ დანახვა იქ მაცხოვრებელი ადამიანების თვალსაწიერიდან.

ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ჯამში, 14 საუბნო კავშირი შეიქმნება, მათ შორის ორი ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. მათ საქმიანობასა და ხელმძღვანელობას თავმჯდომარე წარმართავს, რომელსაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანების საერთო კრება აირჩევს. პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ასევე მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც.

სამომავლოდ, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით, იგეგმება მომსახურების ცენტრების შექმნა, რომელიც მოსახლეობისთვის ყველა ტიპის მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს მერიის ცენტრალურ შენობაში მისვლის გარეშე.