თბილისის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ევროკავშირის მიერ 500 ათასი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
გრანტით საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას მოამზადებს.
„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადებში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება.
დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა მომზადდეს. პროგრამის შედგენამდე კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რომელიც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლას და ხელახალ დაგეგმვას გულისხმობს. გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.
ამჟამად თბილისში 101 მარშრუტს 530 ავტობუსი ემსახურება. მერია ოთხი წლის განმავლობაში 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. აქედან, 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება.
თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტის ღირებულება 800 ათასი ევროა, საიდანაც 500 ათასს ევროკავშირი, ხოლო 300 ათასს თბილისის მერია აფინანსებს.