კახეთში 11 სამელიორაციო პროექტი განხორციელდება

856

კახეთში წლებია სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. მევენახეებისა და ფერმერების ინფორმაციით, მწყობრიდან არის გამოსული როგორც სარწყავი, ისე სადრენაჟო სისტემები. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

“წლების განმავლობაში სარწყავი სისტემის მოწესრიგებას ვითხოვთ. არც მოსავალი მოდის ნორმალურად, ბევრი პრობლემის გადალახვა გვიწევს. შრომას ვინ ჩივის, ვალებით ვრწყავთ ნაკვეთებს და ვყიდულობთ, რაც საჭიროა მიწის დამუშავებისთვის თუ ხეხილისთვის. წყალიც ძვირია მანქანებით რომ მივიტანოთ ნაკვეთამდე. ყოველ წელს ვზარალდებით”, – თქვა გურჯაანში მცხოვრებმა იმედა ბურნაძემ.

ამ საკითხს შეეხებო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა თელავში მმართველი პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე.

“დღეისათვის მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 16 მილიონ 600 ათასამდე ლარი’’, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საირიგაციო და სარწყავი სისტემის მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

,,კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 42 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 23 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ირიგაცია, წყალმომარაგება სოფლის მეურნეობაში. მოგეხსენებათ, რომ გასარწყავიანებას ეთმობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტი, ჯამური ღირებულებით 16 მილიონ 600 ათასამდე ლარია, რომლის შემდეგაც თასობით ახალი ჰექტარი გასარწყავიანდება’’,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.