ბიძინა გეგიძე თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

731

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე თბილისის მერიის მიერ დედაქალაქის სარეაბილიტაციო არეალთან დაკავშირებით კანონში მომზადებულ ცვლილებებში საკუთრების უფლების შელახვის საფრთხეს ხედავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც გეგიძე ამბობს, პრობლემატურია “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც დეპუტატის განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვის გაცემა მარტივდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტატორს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმება არ დასჭირდება.

საქმე ეხება ოთხ კანონში: – “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“, “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც დღეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა.

“საკანონმდებლო რეგულაცია იმდაგვარად ყალიბდება, რომ სარეაბილიტაციო არეალში მოქცეული მრავალბინიანი სახლების განვითარების ან მათი რეაბილიტაციისათვის საკმარისია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრთა თანხმობა, რომელთა საკუთრებაშია შენობა-ნაგებობის ფართის 50%-ზე მეტი ანუ დანარჩენს, ვისაც საკუთრებაში აქვს 49.9%, ჩვენ გადაწყვეტილების მიღებასა და მათი ინტერესების დაცვაში არ ვრევთ. ეს პირდაპირ კავშირშია საკუთრების ძირითადი უფლების დაცვასთან. ძველი თბილისის რანგი შეუფასებულია და შესაბამისად, აქ საკუთრების ფასი არის სულ სხვა რანგის. გარდა ამისა, ინიცირებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, 5%-ზე მეტით გაზრდილი ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია რეაბილიტატორის საკუთრებად ხდება ისე, რომ ამაზე “ამხანაგობის“, მაცხოვრებლების თანხმობა საჭირო არ არის. ოფციაც კი არ არის ჩადებული და იქ მაცხოვრებელ ხალხს ოფციაც არა აქვს. ძველი თბილისი იმ შემთხვევაშია ფასეული, რომ შენარჩუნებული იქნას ისტორიული მემკვიდრეობა და ისტორიული ურთიერთობები. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ნებართვების გაცემა უნდა მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გარეშე. აქ არის ბევრი კითხვა. პროცესი უნდა გახდეს მეტად გამჭვირვალე და დაიხვეწოს“, – განაცხადა გეგიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის მერიის საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ძირითადი მომხსენებლია, ამბობს, რომ მოქმედი კანონი ხარვეზიანია და სარეაბილიტაციო პროექტების ეფექტურ განვითარებას უშლის ხელს.

“მაშინ როდესაც თბილისის მერიამ შეძლო ბიუჯეტის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც მობილიზებულია სამუშაო ძალა, კანონის ხარვეზი უშლის ხელს ქალაქში ეს პოლიტიკა ეფექტურად განვითარდეს. შესაცვლელია სწორედ კანონი. ცვლილებების მიხედვით, ყველა მესაკუთრეს აქვს შესაძლებლობა გავლენა მოხდინოს პროცესზე და მიიღოს გადაწყვეტილება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მიიღოს ღირებულების თვალსაზრისით ორნახევარჯერ გაზრდილი, მეტი პერსპექტივის მქონე ქონება. ხდება ისეთი პრობლემის დაძლევა, როგორიცაა, ქალაქის ნგრევადი სახლები და სწორდება ხარვეზი, რათა პოლიტიკა ამ მიმართულებით უფრო ეფექტიანად განხორციელდეს. კანონმა არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტი, რომ პოლიტიკა ეფექტურად განახორციელოს – ეს არის ცვლილებების სულისკვეთება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.