პარლამენტში სარეკრეაციო ტერიტორიებზე მშენებლობების შეზღუდვის საკითხები განიხილეს

795

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომამ განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც წესდება შეზღუდვები სარეკრეაციო ტერიტორიებში მშენებლობებთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროქტის მიღების მიზანს წარმოადგენს საერთო ჯანსაღი გარემოს შექმნის წახალისება და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება, ასევე, საერთო სივრცეში სპორტული და სარეკრეაციო ზონების განვითარება.

ფრაქციის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა სპორტული, გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო ტერიტორიის ცნება, ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიებში დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გაცემა, გარდა ისეთი სახის მშენებლობებისა, რომლებიც არ სცილდება ამგვარი ტერიტორიების ფუნქციური გამოყენების მიზნებს.

„ჯანსაღი გარემოს შექმნა ჩვენი სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულ საკითხს უნდა წარმოადგენდეს, განსაკუთრებით იმ მწვავე რეალობის ფონზე, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს – ყოველდღიურად უამრავი სპორტული ობიექტი თუ სარეკრეაციო ზონა ეწირება სხვადასხვა სახის მშენებლობებს, რის გამოც ქალაქში უფრო და უფრო ნაკლები გამწვანებული ტერიტორია რჩება და საზოგადოების დასვენებისათვის განკუთვნილი ადგილები დღითიდღე იკლებს. ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ზემოხსენებული პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ხელს უწყობს როგორც არსებული სკვერებისა და პარკების მოწესრიგებას, ისე ახალი მწვანე სივრცეების შექმნას, სარეკრეაციო ზონებში სპორტული მოედნების ინტეგრირებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას“ – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, ბიძინა გეგიძემ.

3 აპრილს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.