ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთისმოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, სოფლის სტადიონზე სკოლის აშენება იგეგმება, რასაც ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტადიონი ერთადერთი ადგილია, სადაც სოფლის ახალგაზრდებს გართობა შეუძლიათ. მათი თქმით, სტადიონის მოპირდაპირედ არის ტერიტორია, სადაც ახალი სკოლის აშენებაა შესაძლებელი. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
სოფელ ქორეთში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაშია განთავსებული. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ კი, მოსწავლეები მეზობელ სოფლებში აგრძელებენ სწავლას. მოსახლეობა ამბობს, რომ სხვა სოფელში გადასვლით მოსწავლეებს ახლად გაცნობილ თანატოლებთან ხშირად პრობლემები აქვთ, ფიქსირდება ბულინგის შემთხვევებიც.
მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის თქმით, ადგილობრივების მოთხოვნის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურს უკვე აცნობა.