თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, სურვილის შემთხვევაში, კომპანია “სიტი პარკის“ თანამშრომლები მიიღოს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
სატრანსპორტო კომპანია “სიტი პარკისგან“ იმ ადამიანების სიას და რაოდენობას ელოდება, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და სამუშაოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შეუერთდებიან.
ამასთან, როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ისინი სხვა მხრივ, როგორც მატერიალური ბაზის, ისე ფიზიკური ძალის მიმართულებით სრულად არიან მზად, მოვალეობა შეასრულონ.
“ჩვენ გვყავს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში ახორციელებენ ბილეთების შეძენის კონტროლს და სწორედ ისინი განახორციელებენ აღნიშნულ მოვალეობას პირველ ეტაპზე. რესურსი გადანაწილდება თანაბრად და შესაბამისად, არც ერთი საქმე არ დაზარალდება. ჩვენი კომპანია აღნიშნულ მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვვარაუდობთ, რომ ეს წლის ბოლომდე მოხდება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი ტექნიკა აქვთ. რაც შეეხება ევაკუატორებს, დროებით იქირავებენ, ხოლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ შეიძენს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ხორციელდება პარკირების ზონების მოწესრიგება, რომ მძღოლებს მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ.
“მიმდინარეობს მოწესრიგება პარკირების ზონების, ასევე ნიშნების მოწესრიგება, იმ ადგილებში, სადაც პრობლემური იყო. რაც შეეხება წესებს და მძღოლების დაჯარიმებას, ჯერჯერობით ზუსტად ისე მოხდება, როგორც აქამდე იყო, თუმცა მერე ვნახოთ რა იქნება“, – აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.