ბექა ოდიშარია – თვითმმართველობების ირგვლივ ხელოვნური ხმაურია ატეხილი

1513

თვითმმართველობების ირგვლივ ხელოვნური ხმაურია ატეხილი, – ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ”ევროპული საქართველოს” წევრის, მამუკა ჩიქოვანის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ჩიქოვანის საუბარი დაამშვენებდა 2014 წელს ჩატარებულ რეფორმამდე არსებულ სისტემას.

”რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმის შესაძლო დახვეწის ირგვლივ ატეხილ ხმაურს, მინდა განვაცხადო, რომ ”ქართული ოცნების” დამსახურებაა 2014 წელს განხორციელებული რეფორმა. იქამდე არსებული სისტემა ვერ აკმაყოფილებდა ვერც იმდროინდელ და ვერც თანამედროვე მოთხოვნებს, ისევე როგორც შესაბამისობაში არ იყო ევროპულ ქარტიასთან. პრობლემა იყო ფინანსების ნაკლებობა თვითმმართველობებში და ეს რესურსები გავზარდეთ, პრობლემა იყო დამოკიდებულების ხარისხი და ჩვენ გავმიჯნეთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებები. ახლა მაინტერესებს რატომ საუბრობთ ასეთ უსამართლო თემებზე?! ”ქართული ოცნება” არ არის ხელისუფლება, რომელიც გამომცხვარ გადაწყვეტილებებს სთავაზობს პარლამენტს, რომ გავაფორმოთ ნოტარიული წესით. გუნდში გამოიკვეთა ამ რეფორმის როგორც დადებითი მხარე, ასევე ზოგიერთი ხარვეზი, თუმცა არავინ აპირებს არც ჩვენივე გაკეთებული რეფორმის დისკრედიტაციას და არც ადგილობრივი თვითმმართველობის შეზღუდვას. ნებისმიერი განხილვა მოხდება ადგილობრივი საკრებულოების, მოსახლეობის, მუნიციპალიტეტების მონაწილეობით”, – განაცხადა ოდიშარიამ.

მამუკა ჩიქოვანი თვითმმართველობის რეფორმის შესაძლო ცვლილებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 2012 წელს გაცემული დაპირების მიუხედავად, დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ცენტრალური ძალაუფლების გაძლიერების გზით მიდიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი