თბილისის ბოტანიკურ ბაღში ეთნობოტანიკური კუთხე მოეწყობა

1585

თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკურ ბაღში ენობოტანიკური კუთხე მოეწყობა.

მემორანდუმი ასევე გულისხმობს საქართველოში გავრცელებული საკვები, დეკორატიული და სამკურნალო კულტურული სახეობების ადგილობრივი ჯიშების შესწავლასა და პოპულარიზაციას.

„სამწუხაროდ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ცნობადობა ძალიან დაბალია. მივესალმებით ახალ წამოწყებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ეთნობოტანიკური კუთხე, რითაც შესაძლებლობა მოგვეცემა მასშტაბურად წარმოვაჩინოთ ქართული ჯიშის ბოსტნეული, ბაღჩეული, მარცვლოვანი, ხეხილოვანი კულტურები და ვაზი“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

მისივე განცხადებით, ცენტრი მზად არის ბოტანიკურ ბაღთან სხვადასხვა მიმართულებით სათანამშრომლოდ, მათ შორის, ბაღის კუთვნილ ლაბორატორიებში განახორციელოს ნიადაგის ანალიზი.