მთავრობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესსა და კონტროლის განხორციელების სტანდარტებს სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დაამტკიცებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ავტორიზაციის წესის და კონტროლის განხორციელების სტანდარტების შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს კოორდინირებით და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ასევე შემუშავების პროცესშია ავტორიზაციის წესის 2 დანართი – ავტორიზაციის პროცესში გამოსაყენებელი თვითშეფასების კითხვარი და ავტორიზაციის პროცესში ჩართული ექსპერტების შერჩევის, საქმიანობის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას, რომელიც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარეობს.
აღნიშნულ დოკუმენტებზე მუშაობა, სავარაუდოდ აპრილში დასრულდება, რის შემდეგაც მათ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.