რას ითვალისწინებს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტი

1107

გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პროექტის მეორე ფაზა დაიწყო.

დეცენტრალიზაციის პროცესისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შესაძლებლობების განვითარებისათვის იმუშავებს, რათა უზრუნველყოფილ იყოს ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი სერვისების მიწოდება, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამასთან, ადგილობრივი თემების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი მარიკა შიოშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებას, დეცენტრალიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას.
„ეს პროექტი ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე, დეცენტრალიზაციაზე. პროექტს აფინანსებენ შვეიცარიის და ავსტრიის განვითარების სააგენტოები. პროექტის პირველი ფაზა უკვე დასრულდა, რომლის ფარგლებში მუშაობა იყო საკანონმდებლო მიმართულებით, მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმების შედგენა, მუნიციპალიტერტებში მცირე გრანტების პროგრამა ხორციელდებოდა. პროექტის II ფაზის მიმდინარეობის დროს ყურადღება გამახვილდება მომსახურების მიწოდებაზეც. ამ მიმართულებით კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში შეირჩევა სხვადასხვა სფერო. ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, იქნება საჯარო მოხელეთა გადამზადება და საკანონმდებლო აქტების დახვეწა“, – თქვა პროექტის დირექტორმა, მარიკა შიოშვილმა.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსიც. გიორგი როსებიშვილი ამბობს, რომ პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება და თვითმმართველობის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ შეძლონ მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდება.

„პროექტი ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლების სხვადასხვა მექანიზმს, როგორიც არის ტრენინგები, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების და განხორციელების პროცესში დახმარებას. პროექტი, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ეკონომიკის წახალისებაში მუნიციპალიტეტების დახმარებას. ამ მიმართულებით შეიძლება შემუშავდეს კონკრეტული მუნიციპალური პროგრამები, განხორციელდეს სხვადასხვა მცირე პროგრამა ადგილობრივი ბიზნესის წახალისებისთვის, შესაძლოა დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს, როგორ მოიზიდონ ინვესტორი. კონკრეტული ღონისძიებების შესახებ საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ გაწერილი არ არის. ეს პროექტი ოთხ წლიანია და ყოველ წელს იქნება სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიმუშავებთ შემდეგი სამი მიმართულებით: პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესება, დეცენტრალიზაციის პროცესისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების შესაძლებლობების განვითარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივ დონეზე ხარისხიანი სერვისების მიწოდება, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; ადგილობრივი თემების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნავს გიორგი როსებაშვილი.

რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტარტეგიულ მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია დეცენტრალიზაცია, რომლის სტრატეგია შესამუშავებელია.
„საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის ამბიციურ რეფორმას იწყებს, რის შედეგადაც საგრძნობლად გაიზრდება რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილება და ფინანსური რესურსები. ჩვენი მიზანია რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების ჯამური ფინანსური რესურსი მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 7% შეადგენდეს“, – განაცხადა ირკალი კობახიძემ.

პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატია მომზადებულია “კახეთის ხმის” მიერ.