კალაძე: უახლოეს მომავალში გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა მუშაობას გენგეგმაზე სითი ინსტიტუტი

990

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში გადაწყდება, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა “სითი ინსტიტუტთან” ერთად გაგრძელდება თუ არა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„მომართული ვართ იქითკენ, რომ დოკუმენტი შევიმუშავოთ. როგორ და ვისთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მოგაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ დღეს პარლამენტში, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე.

თბილისის მერის ინფორმაციით, ხვალ თავად “სითი ინსტიტუტი” გეგმავს თავისი ხედვები წარმოადგინოს.

“გენგეგმაზე მუშაობის პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და უსასრულო ვერ იქნება. მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰქონდათ 18 თვე, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაემთავრებინათ, როდესაც ჩვენი გუნდი მოვიდა, 26 თვე იყო გასული. მათ შემდეგ წარმოადგინეს მეექვსე ეტაპის დოკუმენტაცია, რაც დაუხარვეზდათ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა ამ დოკუმენტის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გამართული დოკუმენტი, მივმართეთ დაესახელებინათ გონივრული ვადა, რა ვადაშიც შეეძლოთ ამ ყველაფრის გამოსწორება. მათ მოითხოვეს 45 დღე, რაზეც დავეთანხმეთ, თუმცა გამოსწორებული რეალურად არაფერი არ არის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის გენგეგმის შესახებ პარლამენტში მსჯელობენ. პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე აცნობს საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, თუმცა შეხვედრას არც ოპოზიცია და არც გეგმის შემდეგი “სითი ინსტიტუტი საქართველო” არ ესწრება. 

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.