პარლამენტში თბილისის გენგეგმის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს

937
თბილისის გენგეგმის შესახებ პარლამენტში მსჯელობენ. პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე აცნობს საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს, თუმცა შეხვედრას არც ოპოზიცია და არც გეგმის შემდეგი “სითი ინსტიტუტი საქართველო” არ ესწრება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისინი არავის მიუწვევიათ.

ცნობილია, რომ თბილისის მერიას სითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული გეგმა არ მოსწონს.

27 მარტს თბილისის გენგეგმის განხილვა სასტუმრო “ბილტმორში” ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაბარდა.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა.