თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ხვალ პარლამენტს და თბილისის საკრებულოს წარუდგენს. ამის შესახებ კალაძემ სასტუმრო “ბილტმორში” თქვა, სადაც გენგეგმის დოკუმენტს მერია დარგის სპეციალისტებსა და საზოგადოებას წარუდგენს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“დღეს გვაქვს ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც მოწვეული არიან დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ურბანისტები, ასევე ჩემი ოპონენტები. გვინდა, საზოგადოებამ განიხილოს ის დოკუმენტი, რომელიც არის მერიაში წარდგენილი. ვერ ვხვდები ოპოზიციის ბრალდებებს – რა შუაშია აქ გაჭიანურება, ამ დოკუმენტის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. ეს ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს არის დოკუმენტი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება, რომ ეს დოკუმენტი იყოს კვალიფიციური, როგორც ნორმალურ, განითარებულ ქვეყნებშია. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ამიტომ ვგეგმავთ ამ შეხვედრებს, რათა ბევრი სპეციალისტი ჩაერთოს. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ვინც ჩემი ოპონენტები იყვნენ, ისინი საერთოდ ვერ ერკვევიან ამ საქმეში. ეს არის პროფესიონალების განსახლველი საკითხი. მნიშვნელოვანი მიმართულებებია ამ დოკუმენტში. ასევე მინდა აღვნიშნო, როდესაც ჩვენ 45-დღიანი ვადა მივეცით “სითი ინსტიტუტს” მე მივმართე ყველა პოლიტიკურ პარტიას და ასევე მერობის ყოფილ კანდიდატებს, რომ ისინიც ჩართულიყვნენ, კარი ყველასთვის ღია იყო, თუმცა, მათ ჩართვა არ ისურვეს. მე მესმის რატომაც არ ისურვეს – იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ეს კომპეტენცია. თუმცა, შეეძლოთ გამოეგზავნათ კომპეტენტური პირები. არ არის საუბარი იმაზე, თუ რა არის პრობლემა. გვინდა, წარმოვადგინოთ ის პროექტი, რომელიც “სითი ინსტიტუტმა” მოამზადა და წარმოადგინა. ხვალ ვგეგმავთ, რომ ეს პროექტი გავაცნოთ პარლამენტს, გავაცნოთ საკრებულოს და შემდეგ მივიღოთ გააწყვეტილება. ეს ვერ იქნება უსასრულო და შესაბამისად, უახლოეს დღეებში მერიის გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას”, – განაცხდა კალაძემ.