დედაქალაქში უკანონო წარწერებსა და ნახატებისთვის სანქცია ოთხჯერ მაღალი იქნება. თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ნაცვლად 50 ლარისა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000 ლარით დაჯარიმდება ნაცვლად 500 ლარისა. სპეციალურად თბილისისთვის ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსში“ შედის.
უფრო მკაცრი იქნება სანქციები ადმინისტრაციული შენობების და მათი მიმდებარე ტერიტორიების იერსახის დამახინჯებისთვის – სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ნაცვლად 500 ლარისა, ხოლო განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით ნაცვლად 1000 ლარისა.
ეს სამართალდარღვევები დღესაც მოქმედებს მოქმედი კოდექსის მიხედვით, თუმცა ის მუხლი ეხება ზოგადად ყველა ტერიტორიას. კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები კი ცალკე დაარეგულირებს მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის სანქციების საკითხს.