მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელის ოდენობა ახალი წესით განისაზღვრება

2422

მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელის ოდენობა ახალი წესით განისაზღვრება, რომლის გათვალისწინებით, სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი განსხვავებულად დაწესდება. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი”ავრცელებს.

შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი მოსაკრებელის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ავტორი დედაქალაქის მერიაა, ხოლო ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა გაბუნია, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი არიან.

ცვლილებების მიხედვით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება არა ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის მიხედვით, არამედ განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის შესაბამისად, რის შემდეგადაც მშენებლობის ნებართვისთვის მოსაკრებელი სხვადასხვა ფართობის შენობა-ნაგებობასთან მიმართებში განსხვავებულად განისაზღვრება.

კერძოდ, ცვლილებებით, ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი არ გააჩნია, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელის მეორე კლასის ობიექტისთვის არ უნდა არემატებოდეს – 50 ლარს, მესამე კლასის ობიექტისთვის – 200 ლარს, ხოლო მეოთხე კლასის ობიექტისთვის – 400 ლარს.

„მოსაკრებელის ოდენობა პროპორციული იქნება მომსახურებაზე, ან უფლების მინიჭებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამას გარდა, კანონპროექტით მოსაკრებელის ახალი ოდენობა დგინდება. კერძოდ, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს – 4 ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისთვის – 5 ლარს.

ამასთან, ცვლილებებით, საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებელის ოდენობა, ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში, ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის – ერთ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად, დედაქალაქის ბიუჯეტში შემოსავლები მშენებლობის ნებართვაზე მოსაკრებელიდან 10-15 მილიონი ლარით გაიზრდება.

კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით, 2017 წელს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელიდან მიღებული თანხები – 4 908 048 ლარს შეადგენდა, ხოლო 2016 წელს – 3 948 910 ლარს.