თბილისში აბრების არმქონე ქუჩების დამისამართება დაიწყო

853

თბილისის მერიამ იმ ქუჩების დამისამართება დაიწყო, სადაც სამისამართე აბრები ამ დრომდე არ არსებობდა. თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის საკრებულოს წევრებთან ერთად ოქროყანაში იმყოფებოდა, სადაც დღეიდან 35-მდე ქუჩაზე სამისამართე აბრები გაიკვრება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე განხორციელდება თბილისს შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, რადგან სასწრაფოს, სახანძროს და პატრულის გამოძახების შემთხვევაში, ძალიან რთულდება კონკრეტულ ადგილზე მისვლა. ზოგადად, ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში არ არის სამისამართე აბრები და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა გაიგოს რომელი ქუჩაა და სად იმყოფება. შესაბამისად, ეს პრობლემა ქალაქში იქნება მოგვარებული”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის საკრებულოს წევრის, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით, დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან ქუჩების სამისამართე აბრების განთავსებისთვის 500 ათასი ლარი გამოიყოფა. ამასთან, ნიბლოშვილმა თქვა, რომ ოქროყანაში ოცდაათი ქუჩა, ჩიხი და შესახვევია სამისამართე აბრის გარეშე.