გორში, შარტავას ჩიხში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ

1200

გორში ორი ქუჩა კეთდება, ახლოს მდებარე შარტავას ჩიხში კი, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობა ასფალტის დაგებას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ ღამე ტერიტორიაზე გავლა უფრო მეტად მოუხერხებელი ხდება, რადგან სუფთად გავლა შეუძლებელია. “ხან გოგებაშვილის ქუჩა გააკეთეს, ხან – ჟიული შარტავას, მაგრამ ჩიხებს ყურადღება არც ერთხელ მოაქციეს. ჩიხი არ გააკეთეს. აგერ, რვა ოჯახი ვართ გუბეში და წუმპეში”, – ამბობს ადგილობრივი.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩიხების მოწესრიგებასაც აპირებს.

“ცენტრალური ქუჩების გარდა, ჩვენ ვაპირებთ ჩიხების გაკეთებსაც, მაგრამ მთლიანად ქალაქი მოცული რომ ვერ იქნება, ამაზე ახლა თქვენც დამეთანხმებით. იმიტომ, რომ ქალაქი ძალიან დიდია ამ მხრივ”, – თქვა თავაზარაშვილმა.

ქალაქის მერის თქმით, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 წელზე მეტია დარჩენილი და ამ პერიოდში ჩიხების უმრავლესობა მოასფალტდება.

გორის მერია 2018 წელს 10-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. მერის ინფორმაციით, ქუჩების მოასფალტების შემდეგ, ჩიხების მოპირკეთება დაიწყება.