თბილისის მერია: კახეთის გზატკეცილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

632

ახეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება და პროექტი ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“ჩვენ რამდენიმე დღეა დავიწყეთ კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სრული აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები. დაახლოებით, 8,5 მლნ ლარი გვაქვს წლევანდელ ბიუჯეტში აღნიშნული სამუშაოებისთვის გათვალისწინებული. სავარაუდოდ, 2 მლნ ლარის ინვეტიციებს განახორციელებს GWP. სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო მოწყობილობებიც და ეს სამუშაოები დასრულდება სექტემბერ- ოქტომბრისთვის. გარდა ამისა, ადგილზე მეორე ეტაპისთვის დაგეგმილია ცენტრალური ზოლების შეკეთება”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ასევე დაავალა მის მოადგილეს გზის შეკეთებასთან ერთად გზაგამყოფები და ბორდიურები მთლიანად მოწესრიგდეს.

“მესმის, რომ პროექტი არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, რადგან კახეთის გზატკეცილი არის ცენტრალური გზა, რომელიც ქალაქს აკავშირებს კახეთთან და ასევე არის აეროპორტის გზა. გთხოვთ, გზაგამყოფები და ბორდიურები მთლიანად იყოს მოწერიგებული თავისი მცენარეებით და განათებებით.

ამის პარალელურად, გთხოვთ, უზრუნველყოთ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური სამუშაოების განხორციელება და მისი რეაბილიტაცია, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ისე ტროტუარის, ბარდიურის, განათების მოწყობა. ასეთი ადგილმდებარეობები თბილისში უნდა იყოს მაქსიმალურად კეთილმოწყობილი, რადგან ესაა ძველი თბილისის ნაწილი და შესაბამისად, დედაქალაქის სახეც”, – განაცხდა კალაძემ.