მესხეთში საგაზაფულო ხვნა–თესვა დაიწყო. გლეხები ტექნიკის სიმცირესა და მომსახურების სიძვირეზე ჩივიან. ამის ფონზე კი მექანიზაციის სერვისცენტრმა ტრაქტორების რაოდენობა 55–დან, 51–მდე შეამცირა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ერთი მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა – 2 ლარი, დათესვა კი 1.50 ლარი ღირს.ხარჯების სიდიდის გამო, სოფლად მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი საერთოდ უარს ამბობს მიწის დამუშავებაზე.
სამცხე–ჯავახეთის მექანიზაციის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის კახა ჩინჩალაძის თქმით, ამ დროისათვის რეგიონში ტექნიკის მხოლოდ ნაწილი მუშაობს: „ჯერ კარგად არ არის დამთბარი, ნიადაგი სველია, ტემპერატურის მატებას ველოდებით“.
შპს „მექანიზატორში“ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე სერვისცენტრს 51 ერთეული ტექნიკა აქვს: 11 ადიგენში, 13 ახალციხეში, 3 ასპინძაში, 17 ახალქალაქში და 7 ნინოწმინდაში. გასულ წელთან შედარებით, ტრაქტორების რაოდენობა ოთხით ნაკლებია. მექანიზაციის სერვის ცენტრის ტრაქტორით, მოხვნის ფასი, ერთ მეასედზე 1.60 ლარი, თესვა კი იგივე, 1.50 ლარია.
არასაკმარის ტექნიკაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც საუბრობენ. ერთ სეზონზე რა რაოდენობის ტექნიკა შეიძლება დასჭირდეს რეგიონს, ვერ აზუსტებენ, თუმცა ამბობენ, რომ რეგიონში საერთო ჯამში 95 000 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწაა, საიდანაც ყოველ წელს, საშუალოდ, 46 000 ჰექტარი მუშავდება.
სამმართველოს ინფორმაციით, ამ დროისათვის, აქტიური ხვნა–თესვა რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში: ახალციხეში, ასპინძასადა ადიგენში მიმდინარეობს. მცირე ფართობია დამუშავებული ბორჯომში, ჯავახეთში კი, თოვლის გამო, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.