ქობულეთის მუნიციპალიტეტს ახალი აგრომომსახურების ცენტრი და სათბურები ექნება

849

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ავთანდილ მესხიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

2017-2018 წლის ქვეპროგრამის ,,ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა’’-ფარგლებში, ცენტრი აღიჭურვა სამაცივრე დანადგარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამხარისხებელ-შემფუთავი ტექნოლოგიური ხაზით, შესაბამისი სატრანსპორტო და წარმოების სხვა საშუალებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქციის ტრანსპორტირებას, დახარისხებას, შენახვასა და სარეალიზაციო ქსელში მოხვედრას, რაც ფერმერებს დაეხმარება ჭარბად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაში.

შედეგად, ფერმერის შემოსავალი პირდაპირ იქნება მიბმული პროდუქციის საბოლოო სარეალიზაციო ფასთან. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 644 540 ლარია. აგრომომსახურების ცენტრების მშენებლობა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. მთავრობის თავმჯდომარე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ასევე გაეცნენ სათბურების მშენებლობის მიმდინარეობას ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,სასათბურე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’ მიზანია თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით სასათბურე სექტორის განვითარება და რეგიონის დაბლობი ზონისათვის ახალი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ფუნქციის მინიჭება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მსხვილ სათბურებში ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარებას. ქვეპროგრამის ფარგლებში, 2018 წელს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2.5 ჰა-ზე მოეწყობა 50 ერთეული 500 მ2 ფართობის სათბური, რომელიც აღჭურვილი იქნება წვეთოვანი სარწყავი და სავენტილაციო სისტემით.

ასევე, აგროპარკი უზრუნველყოფილი იქნება 2 ერთეული 150 ტონიანი სარწყავი წყლის რეზერვუარით, ელექტრო ენერგიით, მისასვლელი გზებით და სანიაღრვე არხებით, რომლებიც სარგებლობაში ფერმერებსა და აგრომეწარმეებს გადაეცემა. მათ ასევე გაეწევათ ტექნიკური მხარდაჭერა სასათბურე კულტურების წარმოების აგროტექნიკურ ღონისძიებებსა და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით. აღნიშნული ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონ 454 ათას 867 ლარია.