საკრებულოში სიტი პარკის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის სხდომა ჩაიშალა

575

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, „სითი პარკთან“ დაკავშირებით დანიშნული ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა ჩაიშალა. მარიკა დათუკიშვილის თქმით, სხდომაზე დაბარებულები იყვნენ მერიის იურიდიული და სატრანსპორტო სამსახურების და სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელები, მაგრამ ისინი ფრაქციის სხდომაზე არ მივიდნენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

„ძალიან ბუნდოვანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით „სითი პარკის“ გაყვანას. რამდენიმე წლის განმავლობაში ისმოდა, რომ „სითი პარკის“ გაყვანას 25 მილიონი სჭირდება, ახლა კი, კალაძემ ბრძანა, რომ არაფრის გადახდას არ აპირებენ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ნარმანია იტყუებოდა თუ კალაძე იტყუება, საერთოდ, გადასახადის გადამხდელებს და ბიუჯეტს დაუჯდება თუ არა „სითი პარკის“ გაყვანა გარკვეული თანხა. ზოგადად ბევრი დეტალი გვაინტერესებდა: პარკირების მოწესრიგებას როგორ აპირებენ, გადასახადის მოსაკრებელი როგორი იქნება. ბევრი საკითხი იყო და ამასთან დაკავშირებით მოწვეული გვყავდა იურიდიული და სატრანპორტო სამსახურების, ასევე სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელები. ისინი არ მობრძანდნენ საკრებულოს სხდომაზე, რადგან ყველა სამსახურის ხელმძღვანელისთვის სიგნალი იყო კალაძის ის განცხადება, რომ ის ითანამშრომლებს „ევროპულ საქართველოსთან“, მაგრამ არ ითანამშრომლებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციაა და ამ ფრაქციის წარმომადგენლობა აირჩია თბილისის მოსახლეობამ“, – განაცხადა დათუკიშვილმა.

16 მარტს ბინიამინ ლაჰავიმ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანია პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია. კომპანია თავისი უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით აპირებს, თუმცა შემდეგი ერთი თვის განმავლობაში თბილისის მერიას უფლება-მოსილებებს გადააბარებს. 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.