„ლაგუნა ვერესთან“ გზის გაფართოების პროექტზე კომპანია „ხალი“ იმუშავებს. თბილისის მერიის ტენდერში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა და გაიმარჯვა. ,,ხალი“ პროექტის შედგენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 53 ათას 985 ლარს მიიღებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
კომპანიამ გზის ამ მონაკვეთზე სრულყოფილი საველე მოკვლევით სამუშაოები უნდა ჩაატაროს და რეკონსტრუქცია-გაფართოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეადგინოს.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობაც. ასევე უნდა დაიგეგმოს გზის საფარიდან წყლის აცილების ღონისძიებებიც.
ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოების გადაწყვეტილება ქალაქის მთავრობამ იანვარში, ამ მონაკვეთზე საცობების გამო მიიღო. მაშინ მერიაში მხოლოდ ის განმარტეს, რომ გზის გაფართოება თავად ლაგუნა-ვერეს ხარჯზე არ მოხდებოდა.