თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე კომპანია სიტი პარკის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ვიცემერის განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.
“კატეგორიულად არ ვეთანხმები კომპანია „სითი პარკის“ მფლობელების მიერ გავრცელებულ უსაფუძვლო განცხადებას. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში, სამართლიანად და ობიექტურად მიიღო. აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ბრალდებები არგუმენტს არის მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ბოლო პერიოდში, არაერთი მითითების მიუხედავად, კომპანიამ ვერ შეძლო წარმოედგინა გარკვეული მოსაზრება ან საგნობრივი არგუმენტი მათი პოზიციის გასამართლებლად. ასევე, პრაქტიკულად გამართლება ვერ მოვუძებნეთ კომპანიის ქმედებებს, რის გამოც, დედაქალაქის მერიამ უკიდურეს ზომას მიმართა და ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და ზოგადად, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაუარესების ალბათობას, რომელზეც კომპანის მფლობელები თავიანთ განცხადებაში მიუთითებენ, აღნიშნული საკითხის საერთო სახელმწიფოებრივ ჭრილში გადატანა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საფუძველს არის მოკლებული და კომპანიის არაკონსტრუქციულ, არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე აისახება.
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მზად ვართ, ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი სისწორე, ნებისმიერ ინსტანციაში განვმარტოთ. ჩვენ კომპანიას ასევე შევთავაზეთ შეხვედრა, რათა გადაბარების პროცესში ჩვენი ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობებზე გვემსჯელა. იმედს ვიტოვებთ, რომ პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება“, – წერია ირაკლი ხმალაძის განცხადებაში.
კომპანია “სიტი პარკმა” თბილისის მერიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.