გაჩერებებზე ყვითელი მიკროავტობუსის არგაჩერების უკვე 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

939

წინა სტატია

1-ელი მარტიდან დღემდე მიკროავტობუსის გაჩერების ახალი რეგულაციის დარღვევის 100-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე არც ერთ შემთხვევაში 100-ლარიანი საჯარიმო სანქცია არ გატარებულა. პირველ ჯერზე მხოლოდ 22 მძღოლი დაჯარიმდა, რომელსაც 2 დღით მუშაობის უფლება ჩამოერთვა.

„როგორც მოგეხსენებათ, 1-ელი მარტიდან 14 ქუჩაზე შეიცვალა გაჩერების წესი და მიკროავტობუსებმა მხოლოდ მოსაცდელებზე უნდა გააჩერონ. საამისოდ გატარდა საინფორმაციო კამპანია და მძღოლებიც გაფრთხილებულები არიან. ასევე მიკროავტობუსებში გამოკრულია შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. ამ 11 დღის განმავლობაში ყველაზე ხშირი იყო პირველ და მეორე დღეს გამოვლენილი დარღვევები, როცა მძღოლები გაჩერების წესს არღვევდნენ. მძღოლები ხშირად ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ მგზავრები არ ემორჩილებოდნენ მათ მოთხოვნას და მიკროავტობუსიდან მაშინ ჩადიოდნენ, როცა ის შუქნიშანზე იყო გაჩერებული.

თბილისის მერიას მონიტორინგისთვის 4 ჯგუფი ჰყავს გამოყოფილი, ასევე დამატებით 5 ჯგუფი მუშაობს „თბილისის მიკროავტობუსის” მიერ გამოყოფილი. ამ ხნის განმავლობაში დამრღვევი მძღოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანიისა და ჩვენს მიერ ერთობლივად დაფიქსირებულია 100-მდე დარღვევის ფაქტი. მიკროავტობუსების კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 22 დამრღვევ მძღოლზე აქვთ სანქცია გატარებული, რაც პირველი დარღვევის შემთხვევაში, 2 დღით სამუშაოდან ჩამოცილება გულისხმობს. აქედან 2 მძღოლი დღესაც სანქციის ქვეშაა. მერიის მონიტორინგის სამსახურს ამ ორი კვირის განმავლობაში ჯარიმები არ გამოუწერია. ჩვენ ორიენტირებულები ვიყავით იმაზე, რომ მაქსიმალურად მიგვეწოდებინა ინფორმაცია მძღოლებისთვის და გაგვეფრთხილებინა ისინი. უკვე დღეიდან ჩვენი მონიტორინგის ჯგუფებიც დაიწყებენ ჯარიმების გამოწერას. სანებართვო პირობების დარღვევა ყველა ჯერზე 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ანუ დღეში რამდენჯერაც არ უნდა დაარღვიოს მძღოლმა, ყველა ჯერზე 100-ლარიანი ჯარიმა გამოეწერება“, – განაცხადეს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, 100 ლარით შეიძლება დაჯარიმდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, თუკი დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილ გაჩერებებზე არ გააჩერებენ ტრანსპორტს.

1 მარტიდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.