თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მაისიდან მოეწყობა

833

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დედაქალაქში საზოგადოებრივი საპირფარეშოები მაისიდან ეტაპობრივად მოეწყობა. მათი ინფორმაციით, 30 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა გასული წლის პირველ დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გარკვეული ხელისშემშლელი მიზეზების გამო, ვადებმა მაისამდე გადაიწია. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

„სამუშაობის წარმოების პროცესში, მიწისქვეშა კომუნიკაციებთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, თუმცა ეს კონტრაქტორი კომპანიის ბრალეულობით არ მომხდარა. ამიტომაც მათ ვადა ივლისის ბოლომდე გადავუწიეთ. ხელშეკრულების მიხედვით, ივლისის ბოლოს 30 ადგილზე საზოგადოებრივი საპირფარეშო გვექნება. თუმცა მანამდეც, მაისიდან ეტაპობრივი განთავსება დაიწყება“, – განმარტავენ ქონების მართვის სააგენტოში.

მათი ინფორმაციით, ამჟამად საპირფარეშოების მოსაწყობად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს: „მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებენ და ტერიტორიები მზადდება. კომპანიას მზა დანადგარები აქვს შეკვეთილი, რომლებიც უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოვა და შერჩეულ ადგილებში განთავსდება. დანადაგრები დასუფთავება-რეცხვას ავტომატურ რეჟიმში მოახდენენ“, – აღნიშნავენ სააგენტოში.

გასულ წელს სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონში, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობას გულისხმობს, შპს „კონსალტინგ გრუპმა“ გაიმარჯვა. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.