სასწრაფოს მუნიციპალური ცენტრებისთვის 40 ახალი ნაგებობა აშენდება

933

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თალაკვაძემ რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები გამოყო. თალაკვაძის თქმით, რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი 220 სპეცმანქანით განახლდა.

„ამ ცვლილებისა და ეკიპაჟების ოპტიმიზაციის შედეგად კი, გამოძახებებზე რეაგირების დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გამოძახებათა 68%-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე 15 წუთზე ნაკლებ დროში მიდის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ავთანდილ თალაკვაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია პერსონალის შრომითი ანაზღაურება, სამუშაო პირობები და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მათი ანაზღაურება კიდევ გაიზარდოს.

ამასთანავე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით, სასწრაფოს მუნიციპალური ცენტრებისთვის 40 ახალი ნაგებობა აშენდება. ამათგან 17 ცენტრის სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ამავე წლის მაისში დასრულდება.