გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. იურიდიული სამსახურის უფროსის ნანა ჭაბუკაძის განმარტებით, შედეგად საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება ორ ნაწილად გაიყოფა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ეს ფუნქციები ერთად არის თავმოყრილი. რეორგანიზაცია დაწყებულია ელექტრონულ საქმის წარმოებაზე გადასვლისა და მოქალაქეთა მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის მიზნით. ეს არ იწვევს შტატების შემცირებას. პირიქით დაემატება ორი საშტატო ნუსხა: განყოფილების უფროსი და უმცროსი სპეციალისტი, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან”, – თქვა ნანა ჭაბუკაძემ.
მისივე თქმით, განყოფილების უფროსის ანაზღაურება 1200 ლარი, ხოლო სპეციალისტის 450 ლარი იქნება.