თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც 25 სხვადასხვა საკითხი განიხილება, მათ შორის ბიბლიოთეკების რეფორმა. ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და უმრავლესობაში აზრთასხვადასხვაობაა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, საკრებულოს უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მერია ბიბლიოთეკების დახურვას და თანამშრომლების გაშვებას აპირებს. ოპოზიცია ასევე ეჭვობს, რომ 36 ბიბლიოთეკიდან რამდენიმე კომერციულად მომგებიან ადგილას მდებარეობს და მერია ამ ტერიტორიების გასხვისებას აპირებს.
თბილისის მერიის ინიციატივით დაგეგმილი საბიბლიოთეკო რეფორმა მუნიციპალური ბიბლიოთეკების მოდერნიზებას, მათი ინფრასტრუქტურის განახლებასა და აღჭურვას, ასევე, კადრების კვალიფიკაციის გაზრდის მიზნით, მათ პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს.
რეფორმის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ახალი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ შექმნა, რომელშიც თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და თბილისის მედიათეკები მოექცევა. მისი მიზანი თანამედროვე ტიპის კულტურულ-საინფორმაციო სივრცის შექმნაა, რომელშიც მომხმარებელს საშუალება ექნება, როგორც მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით, ისე ელექტრონული რესურსებით ისარგებლოს. ასევე, სხვადასხვა ტიპის პროფილური სერვისების შექმნა და განვითარება იგეგმება.