„ერთიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა.
ხეხილის ბაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს. “ერთიანი აგროკრედიტის” ფარგლებში გავაშენე 10 ჰა ვაშლისა და 10 ჰა ხურმის ბაღი. აქ სეზონურად დასაქმებულია 20 ადამიანი, რომელთაც სტიმული გაუჩნდათ, რომ მომავალში მათაც გააშენონ”, – აცხადებს ხვთისო ჭინჭარაული.
ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან – 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე. პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
კახეთში სულ დაფინანსდა ხეხილის 191 ბაღის გაშენება 1 517 ჰა მიწის ფართობზე. ბაღების უმეტეს ნაწილში გაშენდა კაკალი, ვაშლი, ლურჯი მოცვი, ნუში და თხილი.