დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ზემო ჩუღურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს ცაიშის ქუჩაზე, რომელიც რამდენიმე ათწლეულია არ შეკეთებულა. 2000 მ2 ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ბორდიური და მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა. ასფალტის დაგების პროცესს დედაქალაქის მერი და რაიონის გამგებელი პირადად დაესწრნენ.
“ჩუღურეთის რაიონში ვიმყოფებოდით, ცაიშის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, აქ ვაპირებთ სპორტული მოედნის განახლებას, სკვერის კეთილმოწყობას, ასევე პარალელური ქუჩის რეაბილიტაციას,” – თქვა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა დაათვალიერა ტერიტორია, სადაც ადრე ნაგავსაყრელი იყო და სკვერის მოწყობა იგეგმება. 320 მ2 ფართობზე სკვერი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. დამონტაჟდება საბავშო ატრაქციონები, მოსასვენებელი სკამები, მოეწყობა ბილიკები, დამონტაჟდება განათება და ტერიტორია სრულად გამწვანდება. არაგვისპირელის ქუჩის N10 აპრილის ბოლოს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს.
„რაიონში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ ქუჩებს, რომლებსაც 60-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია, დასასვენებელ სივრცეებს ვაწყობთ იქ, რომლებიც მიტოვებული და ნაგავსაყრელად ქცეულია. ეს პროექტები იმის დადასტურებაა, რომ ჩვენი მუშაობა არ არის ფასადური და მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გათვლილი, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ისედაც ჩანს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.