თბილისის მუნიციპალიტეტის ათივე რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის პრეზენტაცია დაიწყო.
საბურთალოს რაიონის გამგეობამ დაფინანსების ახალი წესი ამხანაგობების თავმჯდომარეებს და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ასოციაციის წევრებს გააცნო.
ახალი წესის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საკუთარი ინფრასტრუქტურული საჭიროებები 100%-ით დაუფინანსდება, ხოლო მოსახლეობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს, რომელსაც საერთო ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოახმარს.
ახალი წესი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინსტიტუციურ გაძლიერებას, მის ეკონომიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის ზრდას, ასევე, საერთო ქონებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობის გამომუშავებასა და ამ გზით, თვითმმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, იმ საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა მონაწილეობას გულისხმობს, რაც უშუალოდ, მასა და მის საცხოვრებელ არეალს ეხება.
ახალი წესის მიხედვით, ტენდერის მეშვეობით, დაფინანსებას გამგეობა ახორციელებს, სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს; სამუშაოთა მიმდინარეობაზე ზედამხედველობას განახორციელებს და შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას ადასტურებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“; გამგეობასა და კონტრაქტორს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც ჩატარებული სამუშაოს ღირებულების 100%-ს გამგეობა სრულად აანაზღაურებს.