თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც მგზავრებს ავტობუსის გაჩერებების გარდა სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე 100 ლარით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, 1-ელი მარტიდან ამოქმედებული ახალი წესის თანახმად, 14 ქუჩაზე მეორე დღეა სპეციალური ჯგუფები მონიტორინგს ახორციელებენ. ისინი მგზავრებს არსებულ სიახლეს აცნობენ და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ჯარიმების შესახებ აფრთხილებენ.
„მეორე დღეა მონიტორინგის ჯგუფებია გასული, რათა ახლახანს მიღებული წესის დარღვევა არ მოხდეს. აღნიშნული ჯგუფები პირველ ეტაპზე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და მგზავრებს სიახლეს აცნობენ და აფრთხილებენ. კერძოდ, ის მძღოლები, რომლებიც მგზავრს სამარშრუტო ტაქსს ავტობუსების გაჩერების ნაცვლად სხვა ადგილებზე გაუჩერებენ, პირველ ჯერზე, 100 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნული წესით მძღოლების დაჯარიმება უახლოეს დღეებში დაიწყება. პირველ ეტაპზე, მძღოლების გაფრთხილების პროცესს „თბილისის მიკროავტობუსის” მონიტორინგის ჯგუფები ახორციელებენ. ისინი რამდენიმე დღე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლებიან. შემდეგ კი კანონდამრღვევ მძღოლებზე საჯარიმო სანქციები ამოქმედდება“, – აცხადებენ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
1 მარტიდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.