საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს. პროგრამის ფარგლებში 18-დან 35 წლის ჩათვლით მამაკაცებს და 40 წლის ჩათვლით ქალებს შეუძლიათ მოიპოვონ თანადაფინანსება პროექტის საერთო ღირებულების 40%-ის ოდენობით, რაც არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს. ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება არ უნდა იყოს 10 ათას ლარზე ნაკლები.
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შემდეგი თვითმმართველი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. შეზღუდვა არ ვრცელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულებაზე.
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი ბიზნეს საქმიანობები: ალკოჰოლური სასმელების (გარდა იმ ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული საქმიანობისა, რომელითაც განსაზღვრულია არაუმეტეს 20,000 ბოთლი (15,000 ლიტრი) ღვინის წარმოება) და თამბაქოს წარმოება; აზარტული თამაშები; სავაჭრო ობიექტი; სალომბარდო მომსახურება; საიუველირო ნაწარმის დამზადება; რესტორნები და კვების ობიექტები; ექსტრემალური სპორტი და მასთან დაკავშირებული მომსახურება; დეველოპერული საქმიანობა (მათ შორის პროგრამული საქმიანობა, Software დეველოპმენტი); ელექტრონული ბიზნესი; სატრანსპორტო მომსახურება; სამშენებლო საქმიანობა; ჭაბურღილის მოწყობა; საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ან/და რემონტი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული სახლი გამოიყენება ტურიზმისათვის); მეცხოველეობის/მეფრინველეობის ფერმა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანადაფინანსება გაიცემა ისეთი მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესყიდვისა და მეცხოველეობის ფერმის მოსაწყობად, რომელიც აკმაყოფილებს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ გათვალისწინებული პირუტყვის ჯიშებს და მათი შესყიდვის წესს); სათბურის მოწყობა / გადაიარაღება; სასაკლაოს მოწყობა / გადაიარაღება; მრავალწლიანი ბაღების გაშენება (დასაშვებია ვაზის გაშენება, გარდა რქაწითელის ჯიშის ყურძნისა); ერთწლიანი კულტურების პირველადი წარმოება; მეფუტკრეობა.
წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება შეიძლება მოიცავდეს ყველა ხარჯს, გარდა შემდეგი ხარჯებისა: პროექტირება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უძრავი ქონების (მათ შორის მიწის) შესყიდვა; დიზაინერული მომსახურება; დაზღვევა, მივლინება, ტრენინგი, მარკეტინგი; საგანგაშო და ვიდეო-აუდიო სისტემები (გარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა); სერტიფიცირება და კონსულტირება; საკრედიტო და სხვა დავალიანების დაფარვა; საწარმოს წილების/აქციების შეძენა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შეძენა; სატრანსპორტო საშუალებების შეძენა; ცხოველების/ფრინველების შეძენა, (გარდა მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გათვალისწინებული შემთხვევისა).
პოტენციური ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე www.danida.apma.geდა სრულყოფილად შეავსოს განაცხადი, რომელსაც სააგენტო 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს.
პროგრამა დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით ხორციელდება. მისი მიზანია სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას. რეგიონებში მოხდეს ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის გაძლიერება.