თბილისის მერი კახა კალაძე მერიაში ახლადშექმნილი, ურბანული საქალაქო სამსახურის დასაკომპლექტებლად მოქალაქეებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
“როგორც იცით, მერიაში დასრულდა სტრუქტურული რეფორმა. ამოქმედდა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც სიახლეა მუნიციპალიტეტის მერიისთვის. აქამდე ასეთი სტრუქტურული ერთეული არ ფუნქციონირებდა და ურბანული პოლიტიკის გატარება არ ხდებოდა მერიის საქალაქო სამსახურის დონეზე.
ამჟამად, ამ სამსახურის დაკომპლექტების პროცესში ვართ და მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს მინაწილეობა ამ კონკურსებში, რომელიც იქნება აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები. ვისაც აქვს გამოცდილება იმისა, რომ იმუშაოს ამ მიმართულებით და ყველა ის ადამიანი ვინც ჩაერთვება და მიიღებს მინაწილეობას ძალიან კმაყოფილები ვიქნებით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ ქალაქის უკეთესი მომავალი. და ეს არ ეხება ურბანულ განვითარებულ საქალაქო სამსახურს, ყველა მიმართულებით აუცილებელია გამოცხადდეს ღია კონკურსები იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს და უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები”, – განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ოპოზიციასა და უმრალესობას შორის განსაკუთრებული დაპირისპირება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა რუსუდან მირზიკაშვილმა გამოიწვია.