ოპოზიცია თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის კანდიდატურას ეწინააღმდეგება

789

წინა სტატია

თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერიის სამი საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობებზე წარდგენილ პირებზე მსჯელობენ. ოპოზიციასა და უმრალესობას შორის განსაკუთრებული დაპირისპირება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტზე წარდგენილმა რუსუდან მირზიკაშვილმა გამოიწვია. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნაციონალური მოძრაობა სხდომის დღის წესრიგიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის დამტკიცების საკითხის ამოღებას ითხოვს. მარიკა დათუკიშვილი მიიჩნევს, რომ  ნაჩქარევად მოხდა აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატის ჩანაცვლება.
“ურბანული სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ ჯობია ქალაქი კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყოს ურბანული განვითარების საქალაქო სამახურის ხელმძღვანელის გარეშე? დღეს ეს საკითხი ამოვიღოთ დღის წესრიგიდან, რადგან ასე ქაოსურად და ნაჩქარევად, 5 დღეში ერთხელ მიღებულმა გადაწყვეტილებამ არ მგონია დედაქალაქში ურბანული წესრიგი დაამყაროს. იქნებ უფრო მეტი იფიქროთ, მეტად გაითავისოთ ეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სხდომა რიგგარეშეა და რეგლამენტი არ იძლევა ამის საშუალებას, მინდა შეგახსენოთ, რომ რეგლამენტის დარღვევით ხდება ყოველი სხდომის გამართვა, ამ ერთხელაც დაარღვიეთ რეგლამენტი და ქალაქს ნუ ჩავაგდებთ იმაზე უარეს მდგომარეობაში, ვიდრე დღესაა” , – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

ოპოზიციას არ ეთანხმება უმრავლესობა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურა მათთვის მისაღებია.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება და თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურის წარმოდგენა მერის მხრიდან მართებული და დროულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დღეს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 5 დღის წინ წარდგენილ ვახტანგ ჯოხაძეს სავარაუდოდ, რუსუდან მარკიზიშვილი შეცვლის.