ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის სამუშაოების გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვა გაიმართა

866

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბაკურციხე-წნორის (16კმ) შემოვლითი გზის სამუშაოების ჩატარებისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყეს. ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრის მიზანი სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.

“საგზაო დეპარტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტმა, მაია ვაშაკიძემ ყველა ის საფრთხე დეტალურად განიხილა, რაც პროექტის განხორციელების პროცესში შეიძლება შეექმნას გარემოს. შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ატმოსფერო, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება. შეხვედრას კახეთის გუბერნატორის მოადგილე, გივი მეტრეველი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, მადონა ბატიაშვილი, მერის მოადგილე, თეიმურაზ ბალარჯიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე, ილია ხატიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის იმ სოფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება”,-წერია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.