რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა იმერეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რწმუნებულებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა. სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი – მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭოები. მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე, დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებელ ბიუჯეტს. ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კი კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები. 2015 წლიდან ეტაპობრივად გაიზრდება ადგილობრივი და სამხარეო ბიუჯეტების წილი და 2017 წლისთვის მთლიანი საჯარო ფინანსების არანაკლებ 33%-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტთანერთად, 2013 წელს განახორციელებს ძირითად საკანონმდებლო ცვლილებებს. 2013-2014 წლებში გატარდება სხვადასხვა სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რათა 2014 წელს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების და არსებითად ახალი სისტემის ფორმირების მნიშვნელოვანი ეტაპი. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდგომ ეტაპზე განხორციელდება ახლადჩამოყალიბებული სისტემის შემდგომი სრულყოფა ინსტიტუციური, საფინანსო-ეკონომიკური, მართვის ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის კუთხით.თვითმმართველობის კონცეფციის განხილვა საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, რათა რეფორმის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები თითოეულ მოქალაქემდე სწორად და გასაგებად იქნას მიტანილი.
ბლოგი
ტესტი
როგორ იცნობ დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას?
პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ რეფორმა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იყო. დამოუკიდებლობის არასრულ სამ წელში ამ მიმართულებით იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე 1991 წელს აღდგენილი...